
8 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევები იყო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნას და დღეს დამოუკიდებლად მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, აღნიშნულ სამინისტროზე დაქვემდებარებას.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ახალგაზრდული სექტორი, ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც განპირობებულია სფეროს ირგვლივ არსებული მუდმივი ცვლილებებით, ჩვენი, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების არგუმენტები კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს, თუმცა არც ღირებული დასაბუთება წარმოგვიდგინეს იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევენ ამ გადაწყვეტილებას მართებულად. ამ ეტაპზე კომიტეტმა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა და მოგვცა მიმდინარე პროცესების გამჭვირვალეობის გარანტია, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში ახალგაზრდული სფეროს განვითარება იყოს უფრო წარმატებული და შეუქცევადი პროცესი“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.